თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - პუტინი ერდოღანთან კონტაქტს თავს არიდებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - პუტინი ერდოღანთან კონტაქტს თავს არიდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრემლის ლიდერთან დაკავშირებას ცდილობს, - ამის შესახებ თურქული მედიის ცნობით, ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა . მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გასული წლის ნოემბერში, ანკარას გადაწყვეტილებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

"ერთი მხრივ, პუტინი თავს არიდებს ერდოღანთან კონტაქტს და, მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ ჩვენ არავინ გვეკონტაქტებაო. ასეთია რეალობა", - აღნიშნა ერდოღანის პრესსპიკერმა. 

იბრაჰიმ კალინის თქმით, რუსეთმა 29 იანვარს კიდევ ერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. ამას გარდა, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სირიაში რუსეთის ავიაიერიშების მიზანს არა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დაცვა წარმოადგენს. 

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის 24 ნოემბერს, ანკარამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის მიზეზად თურქეთის მთავრობაში რუსული საფრენი აპარატის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა დაასახელეს, რასაც მოსკოვი უარყოფს.