საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 8 თებერვალს ეწვევა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მარგოტ ვალსტრომი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრას გამართავს. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები საქართველო შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონში შექმნილ ვითარებას მიმოიხილავენ. 

ვიზიტის ფარგლებში მარგოტ ვალსტრომი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.