ამერიკის შეერთებულ შტატებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი კონგრესმენს ტედ პოს შეხვდნენ, რომელიც აშშ-ს კონგრესის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ახლად არჩეული თანათავმჯდომარეა.
პარტიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური საკითხები და საარჩევნო წელთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესისა და საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა კონგრესმენს თხოვნით მიმართეს კონგრესის დელეგაციის საქართველოში უფრო აქტიურ ვიზიტებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის ადგილზე ვითარების უფრო უკეთ გაცნობის მიზნით, რაც უფრო ნაყოფიერს გახდის ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხსაც, რომელიც კონგრესში უნდა მომზადდეს.
გიგი წერეთელმა და მიხეილ მაჭავარიანმა კონგრესმენ პოს აღნიშნულ საკითხში კონგრესმენების მაქსიმალურ ჩართულობასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელებთან გაიმართა.
საუბრის ძირითად თემას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდა. დელეგაციამ მასპინძელ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინა, რის შემდგომაც დისკუსია გაიმართა.
ქართულმა მხარემ ფონდს საარჩევნო საკითხებში იმ აქტიური ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან და მომავალი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 145-მდე ქვეყანაში მუშაობას და ქვეყნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებში დახმარებას უწევს.