საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მთავრობას ახალი პროექტების დაჩქარების თხოვნით მიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, სადაც აჭარის მთავრობის წევრებმა რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინეს, აჭარის პოტენციალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს რეზერვები, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში აჭარა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი რეგიონი იქნება.
"ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორს შევხვდი. ზოგადად, ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, ცოტა მეტი სიჩქარე მენახა ამ მიმართულებით. აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ მგონია, რომ პოტენციალი უფრო მეტია. ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ", - განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ცენტრალური მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა ეკონომიკური პროექტები მაქსიმალურად დაჩქარდეს და ასევე, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე ბათუმის ბულვართან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აჭარის ხელმძღვანელობას ამ თემაზე მოსახლეობასთან მეტი კოორდინაცია სთხოვა.
"ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ცოტა მეტი კონსულტაცია ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ისეთ თემებზე, სადაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხმაური, კარგი იქნება უფრო მეტი კოორდინაცია და დიდი იმედი მაქვს, მომავალში ასე იქნება", - განაცხადა პრემიერმა.
აჭარის მთავრობის წევრებმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონში მიმდინარე გეგმების და პროექტების შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.