"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ," რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ," ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგა და დახურვის სამუშაოები ჩაატარა. პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამზიდი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. მოეწყო სამეურნეო ზონა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე. მოხდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება.
"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ნარჩენების გადამზიდი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ყვარელის გადამზიდი სადგურიდან თელავის ნაგავსაყრელზე.
პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.