საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შპს "სტუდია მაესტროს" და შპს "ტელეკომპანია მაესტროს" წერილობით მიმართა.
მარეგულირებელი კომისია ილია კიკაბიძის შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მიმართავს, კომისიას წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, კომუნიკაციების კომისია ითხოვს, ილია კიკაბიძის შპს-მ წარადგინოს ტვ11-ზე მაუწყებლობის შემთხვევაში რას აპირებს.
"ავტორიზებული პირი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში ტელერადიო პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ, მაუწყებლობის პროცესში ტელერადიო პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციების მითითებით", - აღნიშნულია კიკაბიძისადმი გაგზავნილ წერილში.
აქვე განმარტებულია, რომ ავტორიზებულმა პირმა კომისიას უნდა აცნობოს შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ვებ-გვერდის მისამართი და მაუწყებლობის დაწყებამდე კომისიაში წარადგინოს და საჯაროდ გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.
"შპს "ტელეკომპანია მაესტროს" საეთერო მაუწყებლობის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლია მხოლოდ თბილისის მულტიპლექსის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას სურს მაუწყებლობა განახორციელოს ეროვნული ან სხვა ადგილობრივი მულტიპლექსის მეშვეობით, შპს "ტელეკომპანია მაესტრომ" კომისიას უნდა მიმართოს ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირების მოთხოვნით", - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიმართვაში.
კომუნიკაციების კომისია მიმართავს "სტუდია მაესტროსაც", რომლის 55%-იანი წილის მფლობელია გია გაჩაჩილაძე. "კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, შპს "სტუდია მაესტრო" ფლობს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის Bღ-386 და კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის Bღ-386 ავტორიზაციებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება სამაუწყებლო არხის ტვ-11-ის მაუწყებლობა, გთხოვთ, 3 სამუშაო დღის ვადაში გვაცნობოთ, შეწყვიტა თუ არა შპს "სტუდია მაესტრომ" კუთვნილი Bღ-386 ავტორიზაციის ფარგლებში, სპეციალიზებული მაუწყებლობა", - აღნიშნულია "სტუდია მაესტროსადმი" გაგზავნილ წერილში და აქვე განმარტებულია, რომ თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას.
კომისია მიმართავს "სტუდია მაესტროს", უზრუნველყოს კანონდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
აღნიშული მიმართვები კომისიამ მას შემდეგ დააგზავნა, რაც ილია კიკაბიძემ მას მიმართა ცნობით, რომ ტვ11-ის სიხშირეზე "მაესტრო 24" იწყებს მაუწყებლობას.