ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.
როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისაუბრეს ყველაფერზე და ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ყველა კითხვაზე მათი კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავი პასუხი ა გაცემული.
რაც შეეხება "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად საწყენია, თუ რომელიმე მათგანი კითხვების პასუხგაუცემლობაზე საუბრობს.
"ნამდვილად საწყენია, თუ რომელიმე მათგანი გამოვიდა და კიდევ საუბრობს კითხვების პასუხგაუცემლობაზე. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებულობა. არავის აინტერესებს რეალური სიტუაცია, მდგომარეობა, არავის აინტერესებს ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მოსახლეობის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე. არის "გაზპრომი" და არის ანგაჟირებული თემა", - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ენერგეტიკის სამინისტროში 3 საათის განმავლობაში ხვდებოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და მას 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.