პრემიერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

პრემიერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოს დაუმას შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფო, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტებს და თანამშრომლობას ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგა დაესწრო.