ჩვენ ჩვენივე დეპუტატებით და უმრავლესობით უნდა შევქმნათ კვორუმი და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხდომის გახსნა უმცირესობის ხმებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კვორუმის არასებობის გამო სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფაქტობრივი კვორუმი არსებობდა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
"უნდა გაირკევს, იყო თუ არა საპატიო მიზეზებით გაცდენები. რიგი ჩვენი კოლეგა ვიცი, რომ ვირუსის გამო ავადაა და ვერ მოვიდა სხდომაზე. ჩვენ ჩვენივე დეპუტატებით და უმრავლესობით უნდა შევქმნათ კვორუმი და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხდომის გახსნა უმცირესობის ხმებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ მათ აქვთ ეს ბერკეტი, რომ იყვნენ დარბაზში და არ გაიარონ რეგისტრაცია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა, ბოლო ჯერზე მხოლოდ 71 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, პარლამენტში ფაქტობრივი კვორუმი იყო – სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციამ რეგისტრაცია არ გაიარა, ფორმალური კვორუმი არ შედგა.