საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, პარლამენტის გამართულად ფუნციონირების პასუხისმგებლობა მმართველ უმრავლესობას გააჩნია, რასაც ის ვერ აკეთებს.
სწორედ ასე ხსნის ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მიზეზებს, როს გამოც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სესიაზე რეგისტრაცია არ გაიარეს.
"მიუღებელია სიტუაცია, რაც პარლამენტში ხდება. პირველი რეგისტრაციის დროს 11 ხმა გააყალბეს – დეპუტატები სხდომათა დარბაზში არ იყვნენ და რეგისტრაცია ისე გაატარეს. როცა პროტესტი გამოვთქვით, ამ ადამიანების რიცხვმა მოიკლო. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მთავრობა მოდის, გასანაწილებელია თანამდებობები ან პრეზიდენტთან აქვთ რაიმე გასაყოფი ან სადაო. მინდა პრემიერს და უმრავლესობას ვუთხრა, რომ ასე ქვეყანას ისინი ვერ ააგუგუნებენ და ჯობია, საქმეს მიხედონ - დალაგდნენ და იმუშაონ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა, ბოლო ჯერზე მხოლოდ 71 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, პარლამენტში ფაქტობრივი კვორუმი იყო – სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციამ რეგისტრაცია არ გაიარა, ფორმალური კვორუმი არ შედგა.