"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე მთავრობის წარმომადგენლებსა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძეს დებატებში იწვევს.
როგორც ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კრიზისების მართვის საბჭო და ეროვნული უშიშროების საბჭო არაეფექტურად მუშაობს.
"ეს არ არის აკვიატება და ამოჩემება. ჩვენ ამას ვუყურებთ პროფესიონალური თვალით. შინაარსობრივად დასახვეწია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. არაფექტურია და მიუღებელია მისი მუშაობა. ჩვენ გვაქვს დაწერილი სქემა, თუ როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭო", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე განმარტებით, ეროვნული უშიშროების საბჭო მაქსიმალურად კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს და უნდა ხდებოდეს შეკრებები ყოველდღიურად.
"ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით, თუ რას აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო. ჩვენ გავიარეთ 13 ივლისის ტრაგედია. აქაც ვნახეთ, თუ რამდენად "ეფექტური" და "მობილური" იყო კრიზისების მართვის საბჭო. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი პარალელური სტრუქტურაა. ისინი ვერ პასუხებენ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სად იქნება, ვისი დაქვემდებარების ქვეშ იქნება ეროვნული უშიშროების საბჭო, მაგრამ ის, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი, ამაზე არავინ დაობს, ვინც საქმეში ჩახედულია და პროფესიონალური თვალით შეხედავს ამ თემას", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დეპუტატის თქმით, კრიზისების მართვის საბჭო იქცა ერთგვარ, სამსახურიდან დათხოვნილი კადრების თავშესაფრად. ამასთან, დოლიძე აცხადებს, რომ ”თავისუფალ დემოკრატებს” აქვს კონკრეტული გეგმა და სქემა, თუ როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭო და როგორ უნდა გააგრძელოს მან ფუნქციონირება.