თუ ტელეკომპანიის ახალ დირექტორს ენდომება, რომ ამ შენობიდან მართოს "მაესტრო", ეს არ გამოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.
ბაია გადაბაძემ განმარტა დაცვის გაძლიერების მიზეზები.
"გაძლიერებულ დაცვას რაც შეეხება, ახალი ზომებია მიღებული. მე ვარ ამ შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორი და ნამდვილად მოვითხოვე, რომ დაცვა გაძლიერებულიყო. სურვილი ვისაც აქვს და ეს სურვილი თუ არის არადესტრუქციული, ყველას ექნება შემოსვლის საშუალება. შემოჭრის საშუალებას კი ნამდვილად არავის მივცემ, რადგან ეს არის კერძო საკუთრება. ამ შენობაში შემოვა ადამიანი მხოლოდ ჩემი ნებართვით", - განაცხადა გადაბაძემ.
მისივე თქმით, მისი მიზანი არ არის, რომ გაჩეჩილაძეები არ შეუშვას ტელევიზიაში.
"ეს პრობლემა არ არის. შემოვიდნენ და ვისაუბროთ. პრობლემა არის, რომ თუ ტელეკომპანიის ახალ დირექტორს ენდომება, რომ ამ შენობიდან მართოს "მაესტრო", ეს არ გამოვა. მე კონფლიქტს არავისთან არ ვაპირებ", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.