საქართველოს სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების და სავარაუდო ეთნიკური ნიშნით ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, 2016 წლის 23 იანვარს ახმეტაში, სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან გ.გ.-სა და ა.წ.-ს მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
"დაზარალებულების მტკიცებით, სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინეს რომ ისინი ეთნიკურად ქისტები იყვნენ. ინციდენტის დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულების განცხადებით, ინციდენტში რიგითი სამართალდამცავების გარდა, რაიონული სამმართველოს უფროსიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე აგრესიულად იყო განწყობილი მოქალაქეების მიმართ და უშვერი სიტყვებით იხსენიებდა მათ. საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მით უფრო, თუკი ძალადობა მომდინარეობს სახელმწიფოს იმ უწყებების წარმომადგენლებისგან, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედ მოქალაქეთა ძალადობისგან დაცვაა. ამასთან, გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ შესაძლოა, ძალადობა გამოწვეული ყოფილიყო დაზარალებულთა ეთნიკური წარმომავლობით, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ სახელმწიფომ ცალსახად გამოხატა პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ, როდესაც გაამკაცრა პასუხისმგებლობა და შემოიღო სპეციალური დეფინიცია.
"თუკი ამ დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელია, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მისი ეს პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებული არ არის. გამოიყენოს კანონი მთელი სიმკაცრით და არ დატოვოს შერჩევითი მართლმსაჯულების თუნდაც მცირედი ეჭვი. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად და ობიექტურად დაასრულოს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. თუკი სახელმწიფოს პრეტენზია აქვს დასავლურ ღირებულებზე და ისწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციისკენ, ვალდებულია გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ეთნიკური სიძულვილის გამო ჩადენილი ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ. განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ან რასიზმის სხვაგვარი გამოვლინების მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უნდა იყვნენ შეუწყნარებლები, რადგან მსგავსი ფაქტები შესაძლოა ეთნიკური დაპირისპირების, უმცირესობათა ჩაგვრის და რასიზმის წამახალისებელ გარემოებად იქცეს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.