ადვოკატი - თუ ლევან გაჩეჩილაძის

ადვოკატი - თუ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროში" შეშვება არ სურთ, ყველა თანამშრომლის გამოსახლება უნდა მოხდეს

მიუხედავად იმისა, რომ "მაესტროს" შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის, ლევან გაჩეჩილაძეს შენობაში შესვლა მანამ შეუძლია, სანამ გამქირავებელი ყველა თანამშრომელს არ გამოასახლებს, - ამის შესახებ "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა. 

ადვოკატი განმარტავს, რომ მაკა ასათიანისგან, როგორც შენობის მფლობელისგან ფართი ნაქირავები აქვს მფლობელს, ამ შემთხვევაში გაჩეჩილაძეებს და თუკი ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შესვლა არ სურთ, ყველა თანამშრომლის გამოსახლება უნდა მოხდეს, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. 
მისი თქმით, "მაესტროს" თანამშრომლების გამოსახლებას მაკა ასათიანი ვერ შეძლებს მანამ, სანამ სასამართლოში განიხილება "მაესტროს" გადახდისუუნაროდ გამოცხადების პროცესი. 

ირაკლი კორძახიას განცხადებით, ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნით, მაკა ასათიანმა სასამართლოს იმ მოტივით მიმართა, რომ გია გაჩეჩილაძე, რომლის "მოშორებაც უნდოდა", ჩამოეშორებინა პარტნიორებიდან, თუმცა რა გეგმები ჰქონდა ასეთ შემთხვევაში ასათიანს, ადვოკატისთვის უცნობია. 

მისივე განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სწორედ ტელეკომპანიის გადარჩენის მოტივით დაიწყეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა გააქტიურება. 
ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ ბაია გადაბაძის დირექტორობის პირობებში, თანამშრომლებისთვის არასახარბიელო ვითარება იყო შექმნილი, რაც გაჩეჩილაძის დანიშვნის შემდეგ გამოსწორდება. 

"ამ პროცესებს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია. არც გია და არც ლევან გაჩეჩილაძე ამ დროისთვის პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენენ. ლევან გაჩეჩილაძის პირობებში, აღარ მოხდება ის, რაც გადაბაძის პირობებში ხდებოდა - 20 ჟურნალისტი ერთდროულად ტოვებდა სამსახურს, მათ შორის დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელია და სხვები, გადაბაძეს აქვს ჟურნალისტების სახელფასო დავალიანება და სხვა. ლევან გაჩეჩილაძის პირობებში, ასეთი რამ არ მოხდება, რადგან ყველა კეთილსინდისიერი ჟურნალისტი შეასრულებს თავის მოვალეობას და ექნება ანაზღაურება", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.