ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს"გენერალურ დირექტორად ოფიციალურად, მომავალ კვირას დარეგისტრირდება და ამაში ბაია გადაბაძის განცხადება ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ლევან გაჩეჩილაძე საქმიანობას.
"ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, მესამე პირებისთვის, მათ შორის ბანკებისთვის კი ის დარეგისტრირების შემდგომ ჩაითვლება დირექტორად", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, ბაია გადაბაძის პოზიცია ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირებას ხელს ვერ შეუშლის.
"რეგისტრაციას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ჯერ საჯარო რეესტრმა უნდა დაარეგისტრიროს, შემდეგ კი - მისმა მეურვემ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაამოწმოს რეგისტრაცია. ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე მესამე პირებისთვისაც გახდება "მაესტროს" გენერალური დირექტორი", - აღნიშნა ადვოკატმა და განმარტა, რომ ეს პროცედურები 17 თებერვლამდე უნდა მოესწროს, რა დროსაც კრედიტორთა კრებაა ჩანიშნული.
ირაკლი კორძახიას განცხადებით, დარეგისტრირების შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე სასამართლოს მიმართავს, რომ მაკა ასათიანის სარჩელის წარმოება ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებასთან დაკავშირებით შეწყიტოს, რა პროცედურაც კრედიტორთა კრებამდე უნდა განახორციელოს.