ყველაფერი რაც ივანიშვილზე ცნობილია, იქნება ეს მისი კარიერა თუ ბიზნესი, მჭიდროდ დაკავშირებულია მოსკოვთან, - ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი და წარსულში რადიო "თავისუფლების" ერთ-ერთ ხელმძღვანელი დონალდ ჯენსენი "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევის მხრივ საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი მთავრობების შედარებისას განაცხადა.
"არ მიყვარს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რიგ საკითხებზე არ დგას იქ, სადაც მე ვისურვებდი რომ იდგას. საქართველოს მთავრობა იყენებს მულტი-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას იმაზე მეტად, ვიდრე მე ვისურვებდი. მე მესმის ის საგარეო წნეხი, რომელიც მას ჩრდილოეთიდან აქვს, მაგრამ ზოგიერთი საგარეო ფაქტორისადმი უფრო მტკიცე წინააღმდეგობას ვისურვებდი. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ 2012 წელს საქართველოში მთავრობის შეცვლას თან ახლდა შიშები და ქართველებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ამის შიშები არსებობდა. კარგია, რომ საქართველო დასავლეთში ინტეგრაციისკენ სწრაფვას აგრძელებს. ივანიშვილის წარსულის გათვალისწინებით ბევრი მას მოსკოვის ინსტრუმენტად აღიქვამდა. ყველაფერი რაც ივანიშვილზე ცნობილია, იქნება ეს მისი კარიერა თუ ბიზნესი, მჭიდროდ დაკავშირებულია მოსკოვთან, ყველაფერი. რუსეთში ძალაუფლება ფულია და ფული ძალაუფლებაა. დასავლეთში ბევრისთვის კომფორტული არ არის რუსეთთან მისი კავშირები", - განაცხადა ჯენსენმა.
მისი თქმით, 2012 წელს, როცა სააკაშვილის გუნდმა მთავრობა დატოვა და ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, არსებობდა ეჭვები ქვეყნის ორიენტაციაზე.
"მიუხედავად სააკაშვილის ექსცენტრულობისა და პრობლემებისა, რომლებზეც ჩვენ ვიცოდით, ახალი ჯგუფისადმი კითხვები ჩნდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს კითხვები. ეს არის საქართველოსადმი საერთაშორისო ყურადღების ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი უფრო დადებითია, სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს ყველა ქვეყანაში აკვირდება, მაგრამ ის ფაქტი რომ, საქართველოს ყურადღებას აქცევს და მის ვითარებას აფასებს ნიშნავს, რომ საქართველოს როგორც პარტნიორს უყურებს და შესაბამისად დაინტერესებულია მისი გრძელვადიანი პროგრესით", - განაცხადა ჯენსენმა და დასძინა, რომ თუ საქართველო ადამიანის უფლებების კუთხით გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს უფრო გააადვილებს ნატო-ში და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში მის ინტეგრაციას.