დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას

დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი და წარსულში რადიო "თავისუფლების" ერთ-ერთ ხელმძღვანელი დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას. ამის შესახებ ჯენსენმა "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც "ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებს პანკისში წვრთნის. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს რუსეთმა საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა".

"ამიტომაც თქვა ეს ლავროვმა. მსგავსი რიტორიკა ხალხში ერთგვარ მოლოდინებს ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია", - განაცხადა ჯენსენმა.