თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე თეატრში იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე მინისტრთა კაბინეტის და საკანონმდელო ორგანოს წევრები.

ყველა სტუმარი ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის.

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული თეატრი "აბესალომ და ეთერის" პრემიერას წარმოადგენს.

სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო "აბესალომ და ეთერის" კოსტიუმები და პარტიტურები. ასევე წარმოდგენილი იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა.

სპექტაკლი "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, ხოლო მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს ასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი "სამოსელი პირველის" მიერ არის შეკერილი.

"აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს.