ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას, პარტია „ქართულ ოცნებაში“ შესვლასთან დაკავშირებით, პატივს სცემს.
როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს ძალიან მაღალი ხარისხის სისტემური მენეჯმენტის უნარი აქვს და თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ის მართლაც წარმატებული იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე.
„ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, როგორც პრემიერ-მინისტრს და როგორც ადამიანს, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ. შემიძლია დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ ბატონ გიორგის აქვს ძალიან მაღალი ხარისხის სისტემური მენეჯმენტის უნარი და ვფიქრობ, რომ თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ის მართლაც წარმატებული იქნება პოლიტიკურ ასპარეზზეც", - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება პარტიულ სიებში მინისტრების მოხვედრის საკითხს, სერგეენკოს თქმით, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
„რაც შეეხება მინისტრების, მათ შორის, ჩემი გადასვლა იგეგმება თუ არა სიებში, მართალი გითხრათ ამის შესახებ არაფერი ვიცი და ამის შესახებ კონსულტაციებიც არ გვქონია“, - აღნიშნა სერგეენკომ.
პრემიერ-მინისტრ გიროგი კვირიკაშვილის განცხადებით, გახდება თუ არა ის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, ეს პარტიის ყრილობაზე გამოჩნდება. კვირიკაშვილის თქმით, ის პარტიის რიგებში გაწევრიანებას გეგმავს, თუმცა ლიდერს უკვე ყრილობა აირჩევს.