"იმედი მაქვს, ჰააგა იმავე პრობლემების წინაშე არ დადგება, რაც ქართულ გამოძებას ჰქონდა"

მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს იმედი აქვს, რომ ჰააგის სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების პროცესში არ აღმოჩნდება იმ პრობლემების წინაშე, რომლის წინაშეც ქართული გამოძიება აღმოჩნდა.

მთავარი პროკურორის განცხადებით,საქართველოს პროკურატურას აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ომის პერიოდში დანაშაულებების ჩადენის ფაქტებზე და რომლებზეც ჰააგის სასამართლოს სრული წვდომა ექნება.

"საქართველოს მხრიდან ამ პროცესს ჰააგაში უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო. რაც შეეხება ჩვენს როლს, საქართველოს პროკურატურამ ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ამ საქმეზე, არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ომის პერიოდში დანაშაულებების ჩადენის ფაქტზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ მასალებზე სრული წვდომა ექნება ჰააგის სასამართლოს. გამოძიება შეჩერებული არ არის. იყო გარკვეული პრობლემატური საკითხები, რაც მდგომარეობდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, იმ მოწმეების უსაფრთხოების საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზოლზე. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ პრობლემების წინაშე ვიდექით. იმედი მაქვს, რომ ჰააგა ამ პრობლემების წინაშე არ დადგება და ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ჰააგის სასამართლოსთან", -განაცხადა შოთაძემ.