ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ეპიდემიის ზრდის საშიშროებას გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ეპიდემიის ზრდის საშიშროებას გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსის გართულებით 6 ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, 24-საათიანი ოჯახის ექიმის ცენტრების გახსნით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება 3 000 გამოძახებით განიტვირთა.

„ავადობის სიხშირე, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით გაზრდილია, ეპიდემიის კასკადური ზრდის საშიშროება დღეის მდგომარეობით არ დგას. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, 24-საათიანი ოჯახის ექიმის ცენტრების გახსნის შესახებ, თბილისის სასწრაფო დახმარება განტვირთა უკვე 3 000 გამოძახებით. ამით გაიზარდა ექიმის გასინჯვის ხელმისაწვდომობა. შემცირდა დრო, დაგვიანებები და პაციენტებმა მიიღეს უფრო კვალიფიციური დახმარება“, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ზოგიერთ სკოლებსა და ბაღებში  სწავლის შეწყვეტას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადების სპეციფიკა ისეთია, რომ ის ერთბაშად არ ვრცელდება.

„ამ დაავადების სპეციფიკა არის ისეთი, რომ ის ერთბაშად არ ვრცელდება. ყველგან და სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სხვადასხვა ქალაქების სკოლებში აქვს გარკვეული პერიოდი. მაგალითად, პირველად, როდესაც ავადობა თბილისში გაჩნდა, ერთ კვირაში მოყვა ქუთაისის სკოლებში. ამ სიტუაციაში ერთდროულ შეწყვეტას არა თუ აზრი არ აქვს ინფექციის შეკავებაზე, არამედ შეიძლება რისკებიც გვქონდეს, როდესაც ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლას. სწორედ ამ საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილია, რომ წინმსწრებად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ იმ სკოლებსა და ბაღებში, სადაც 20%-ზე მეტი იყო ავადობა, შეგვეჩერებინა სამი დღით სწავლა“, - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ სამი დღე არის საშუალო ინკუბაციური პერიოდი.