ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი ხელსმისაწვდომი მედიკამენტებით დღეს პირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები ისარგებლებენ.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იაფ მედიკამენტებზე მზარდი აქტივობები იქნება.
"იაფ მედიკამენტებზე მიწვდომადობა მრავალფაქტორიანია. მე მიჭირდა ყოველთვის რაღაც კონკრეტული თარიღი მეთქვა, თუმცა, ახლა შემიძლია, კონკრეტული თარიღი გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები. დღეს არის დაგეგმილი პირველი აქტივობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ეს იქნება მზარდი აქტივობები. დღეს პირველი პაციენტები მიიღებენ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს“, - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის უწყების ამოცანა ერთი რომელიმე კომპანიის ლობირება არ ყოფილა.
"ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ერთი რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა - ხარისხის კონტროლი და კონკურენციის უზრუნველყოფა. ამ გონივრულმა ნაბიჯებმა უკვე გამოიღო შედეგი და დღეს შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება. დიახ, დღეს იწყება. ერთი კონკრეტული კომპანია უკვე გამოჩნდა და იწყებს კონკრეტულ ქმედებებს. იმედია, ეს ერთადერთი არ იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.