"სპეცუბნების კუთხით გამონაკლისი შეეხება ხანდაზმულთა პანსიონატებს, სათნოების სახლს და ციხეს"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ "საარჩევო კოდექსში" ცლვილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც არჩევნებზე სპეცუბნების გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც მინსიტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ კანონპროექტის მიღებისას არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებიც გაითვალისწინა და იმედი აქვს, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

"დღეს მთავრობამ იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა საქართველოში სპეცუბნების გაუქმების საკითხი. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმ შემოთავაზებებზე, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენეს და შევთანხმდით იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე რჩევა იქნება კანონპროექტში გათვალისწინებული. ეს რეფორმა დამტკიცდა დღეს. ის მიიღებს საბოლოო სახეს მომდევნო დღეებში და წარედგინება პარლამენტს. ყველა ჯარისკაცი, ყველა ის პირი, ვინც სხვადასხვა სამხედრო შენაერთში მუშაობს, მსახურობს, იქნება ეს თავდაცვის, შსს-ს სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სასჯელაღსრულების სამინისტროს თუ სპეცდეპარტამენტის თანამშრომლები, მათ ექნებათ უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ რეგისტრაციის ადგილზე. ეს იქნება მთავარი წესი, ყველა ასეთი პირი, თავისი რეგისტრაციის მისამართზე მისცემს ხმას მისთვის სასურველ კანდიდატს. რამდენიმე მკაცრი გამონაკლისი წესდება - ხანდაზმულთა პანსიონატები, სათნოების სახლი, ციხე, სასჯელააღსრულების დაწესებულება. პატიმრებს სახლში ვერავინ გაუშვებს, ასეთ შემთხვევებში მკაცრი გამონაკლისები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ 50-ზე მეტი ამომრჩეველი იქნება. ეს რეფორმა დამტკიცებულია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს", - აღნიშნა წულუკიანმა.