უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ავტორიზაციის წესი და პირობები იცვლება. იცვლება ავტორიზაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.
ამას "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესმა არსებულ რეალობაში ეფექტური მექანიზმის ფუნქცია დაკარგა და ფორმალური ხასიათი მიიღო. მათი შეფასებით, ბაზარზე მოქმედი დაწესებულებებისათვის ავტორიზაციისა თუ პროგრამების აკრედიტაციის გავლა რეალურ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, რაც ქვეყანაში განათლების ხარისხის განვითარებას აფერხებს. ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობებში, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის კონკურენტუნარიანობის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია კი, განათლების ხარისხის სტანდარტების ძირეულ გადახედვას მოითხოვს.
"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის მისაღებად შემდეგი ახალი სტანდარტები და მოთხოვნები დაუწესდება: - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; საგანმანათლებლო პროგრამები; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; კვლევა, განვითარება ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.
ავტორიზაციის მოქმედი სამი სტანდარტი - საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსი, ძალაში მხოლოდ ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რჩება.
კანონპროექტით იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ვადები. მათ შორის ამ მხრივ სიახლეა ის, რომ ავტორიზაციის ვადა 5-დან 6-წლამდე იზრდება, ხოლო აკრედიტაციის ვადა 5 წლის ნაცვლად, 7 წელი იქნება.
პროექტით სიახლეა ისიც, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილი იქნება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 1-ელ თებერვალს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს.