ჩვენი ამოცანაა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისროთ პირებს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას

ჩვენი ამოცანაა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისროთ პირებს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას

საქართველო დაინტერესებულია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ცენტრალურ აფრიკაში ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, დეტალურად იქნას გამოძიებული, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ავხტანგ კაპანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ფაქტები და პასუხისმგებლობა დაეკისროთ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას.

"ჩვენ დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებას - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ.

მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია, მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისი თქმით, დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პოტენციურად ეჭვმიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე.

"მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ, დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს.

ქართული სახელმწიფო და უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იმავეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი. ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს, და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა უმოკლეს ვადებში გამოვიძიოთ ფაქტები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას. მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა", - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და როგორც მასშია ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.

"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.