გარდაბანში კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გარდაბანში კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. 20:00 საათზე ყველა საუბნო საარჩევნო კომისია დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო მისი თქმით არჩევნებში მონაწილეობა 23, 805-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33, 13%-ია.

„დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რომელთა უმეტესობაც დროულად იქნა აღმოფხვრილი, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაიწერა 22 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად, იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი აარიდონ სიტუაციის შემოდგომ გამწვავებას და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყონ მშვიდ გარემოში საარჩევნო პროცესის დასრულებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერმა ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და არჩევნებში ჩართულ მხარეებს საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშეწყობისთვის.