დავით უსუფაშვილი:   ადამიანის პირადი ცხოვრება დასაცავია ჩემგან და ჟურნალისტებისგან

დავით უსუფაშვილი: ადამიანის პირადი ცხოვრება დასაცავია ჩემგან და ჟურნალისტებისგან

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა არის თავისუფლების, დემოკრატიის, ნორმალური და სტაბილური სახელმწიფოს წინაპირობა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.

"ვისგან და რისგანაა დასაცავი ადამიანის პირადი ცხოვრება და პერსონალური მონაცემები – ჩემგან, სახელმწიფო მოხელისგან და თქვენგან – ჟურნალისტებისგან. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ იმ დღეს, რომ ჩვენ, სახელმწიფო, თქვენ - ჟურნალისტები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდება კანონიერი საქმიანობის შედეგად, უკანონობაზე არ ვსაუბრობთ. საჯარო დაწესებულებებში დაცულია უამრავი ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის, თქვენგანის ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, მოგზაურობაზე, ოჯახის წევრებზე, ქონებაზე და ყველაფერზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონაცემები არ იყოს ხელმისწვდომი არაუფლებამოსილი პირებისთვის. ეს არის თავისუფლების, დემოკრატიის, ნორმალური, სტაბილური სახელმწიფოს წინაპირობა. ამიტომ ექცევა ამ თემას ძალიან დიდი ყურადღება მსოფლიოში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, შეიქმნა სათანადო ოფისი – ინსპექტორი, რომელიც იცავს პერსონალურ მონაცემებს.

"მას აქვს ძალიან სერიოზული უფლებამოსილება, რომ განახორციელოს ზედამხედველობა სახელმწიფო ორგანოებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ოფისი იქნება წარმატებული და თითოეული ჩვენგანი უფრო მეტად ვიგრძნობთ იმას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, განსხვავებით საჯარო ცხოვრებისგან, რომელშიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.