გარდაბანში, გამგებლის არჩევნების მიმდინარეობისას, #62-ე უბანთან ხმაური იყო. აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და დეპუტატები.
"ნაციონალების" წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ პირბადიანი ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეგავლენას ცდილობდნენ. ამ საკითხზე, უმრავლესობის დეპუტატები და დიმიტრი შაშკინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"მოსახლეობას აწუხებს 30-40 ნიღბიანი ადამიანი. გამოვუძახეთ პატრულს და ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგა ბოკერიას და რომლებიც #5-ე უბანზე ამომრჩევლებს შეურაცხყოფდნენ", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასთან შელაპარაკებაში შევიდა "ქართული ოცნების წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი. "ნაციონალური მოძრაობა" არის გაკოტრებული ძალა, რომელსაც წაგებული აქვს ძალიან სერიოზულად. ისინი გარდაბანში არჩევნებში მონაწილეობისთვის არ ჩამოსულან, ჩამოვიდნენ პროვოკაციების მოსაწყობად. რეალურად კი - აბსოლუტური სიმშვიდეა", - განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა ვითარების განმუხტვის შემდეგ.
მედიის წარმომადგენლები პირბადიან ორ მამაკაცს გაესაუბრნენ. მათ განაცხადეს, რომ პირბადეს გაცივების გამო ატარებენ, ხოლო საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ახლობლების სანახავად მივიდნენ.