ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით ქართული მხარეს "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში საკუთარი ინტერესი გააჩნია და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში კითხვაზე, იმ რთულ მოლაპარაკებებში, რომელსაც ის „გაზპრომის“ ხელმძღვანეთან მილერთან აწარმოებს და სადაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებია, როგორ გამოსდის გამოცდილ მილერთან მოლაპარაკების წარმოება, კალაძე აცხადებს, რომ სწორედ იმიტომ გრძელდება მოლაპარაკებები დიდხანს, რომ ყველაფერი იოლი არაა.
"ის რომ მილერი ძლიერია მოლაპარაკებებში, არ ნიშნავს რომ ქართული მხარე რამეს დათმობს. ამიტომ გრძელდება ეს მოლაპარაკებები ამდენ ხანს. ყველაფერი იოლი რომ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, დიდი ხნის წინ იქნებოდა ხელმოწერილი ყველაფერი. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. მე ვთვლი, რომ საქართველო ახლა პრიორიტეტულ მდგომარეობაშია. ჩვენ რამოდენიმე წყაროდან ვიღებთ აირს: აზერბაიჯანული კომპანიიდან „სოკარი“, „შაჰდენიზის“ კონცერნიდან და რუსული „გაზპრომიდან“. მე ვფიქრობ, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ისურვებდა ყოფილიყო ისეთ სიატუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა დღესდღეობით. ბუნებრივია, რომ მე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი გამოვიყენებ ამ სიტუაციას. მე რამოდენიმეჯერ ვთქვი რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
კალაძის თქმით, საქართველოში ზამთრის და ზაფხულის ბუნებრივი აირის მხრივ დისბალანსი არსებობს, რის კომპენსირებასაც ქვეყანა აუცილებლად საჭიროებს.
"ჩვენს ქვეყანაში ზამთარში ბევრად უფრო მეტ აირს იყენებენ ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში. აზერბაიჯანის მილი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი მოცულობის გამტარიანობას. თუ ინვესტიციები განხორციელდება მომავალში, ბუნებრივია ეს პრობლემა მოგვარდება", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.