ანდრეას მამიკინსი:   საქართველოს უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ექნება

ანდრეას მამიკინსი: საქართველოს უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ექნება

საქართველოს უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ექნება, - ასეთი მოსაზრება გამოთქვა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა ანდრეას მამიკინსმა. შესაბამისი განცხადება მან ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

"საქართველოს უვიზო რეჟიმი ექნება. ვიმედოვნებ, რომ საქართველო მას უმოკლეს დროში მიიღებს. საქართველოს მთავრობას ახლა ევროკომისიასთან ძალიან კარგი კონტაქტები აქვს. დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალები განსახილველი", - განაცხადა მამიკინსმა. ჟურნალისტებთან საუბარში მან ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

"ჩემი მოსაზრებით, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვის და საქართველოსთვის. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სიმართლე და ვუთხრათ სიმართლე ყველას, ვისაც სურს, იცოდეს სიმართლე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რომელიც ადამიანის უფლებების და "რუსთავი 2"-ის საკითხს ეხებოდა, მამიკინსმა განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში.

ანდრეას მამიკინსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ჟორჟოლიანი. მამიკინსის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე "ქართულ ოცნებასა" და ევროპელ სოციალისტებს შორის.

მამიკინსის თქმით, მან "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროპარლამენტში, სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ მიიწვია. მამიკინსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეძლებენ თბილისში დიდი კონფერენციის ჩატარებას, რომელსაც დაესწრებიან სოციალისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

მოლაპარაკებების დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი ფორუმის გამართვაა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონულ საკითხებს. .