ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. როგორც მომხსენებელმა, კორსტინ ლუნდგრენმა განაცხადა, ანგარიშის მომზადებისას შეხვედრები გაიმართა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან.
"სანამ ანგარიშს კომიტეტს არ გადავუგზავნი, ამის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ უკვე გვქონდა დისკუსიები, შევხვდით ოპოზიიის წარმომადგენლებს. მათ ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებსა და არსებულ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს განსხვავებული აზრი და ამიტომ შევხვდით მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებსაც. მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას მუდმივად თვალყურს ვადევნებთ როგორც ჩვენი ვიზიტის დროს საქართველოში, ისე დანარჩენ პერიოდში", - განაცხადა ლუნდგრებმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის თქმით კი, იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებზეც გარკვეული წუხილები არსებობდა, ვითარება შეცვლილია.
"საკითხები, რომლებზეც ჰქონდათ გარკვეული კითხვები მომხსენებლებს, მთელ რიგ შემთხვევებში არის პოზიტიური მიმართულებით შეცვლილი, რაზეც ჩვენ მათი ინფორმირება უკვე მოვახდინეთ. იქნება განხილვა და დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. ეს ეხება "რუსთავი 2-ის" საქმეს თუ პარლამენტთან დაკავებული ახალგაზრდა აქტივისტების საქმეს, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან გირაოთი. ეს იყო გარკვეული წუხილის თემა, თუმცა შეცვლილია ვითარება", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს, მისი თქმით, ანგარიშში მოხვდება მედიაზე ზეწოლა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებები.
"მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში იყვნენ სწორედ იმ დროს, როდესაც ხდებოდა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული მოვლენები, როდესაც დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. მათი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში წინასწარი პატიმრობის უკანონო და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ გამოყენება იყო. ასევე ანგარიშის ნაწილი იქნება მედიაზე ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავებები და უმცირესობების მიმართულებით გაუარესებული მდგომარეობა", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.