სასწავლო პროცესი 267 საჯარო სკოლაშია შეჩერებული

სასწავლო პროცესი 267 საჯარო სკოლაშია შეჩერებული

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 267 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 

"27 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, 195 საჯარო სკოლას, სადაც დილის მონაცემებით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, საღამოს 72 დაემატა და საბოლოო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 267-ს შეადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღის, ასევე შუადღის ცვლის მოსწავლეთა დასწრებაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას მშობლები სკოლაში პრევენციის გამო არ უშვებენ", _ განაცხადეს სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პროცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

"სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია", _ აცხადებენ სამინისტროში.