Human Rights Watch - საქართველოში პოლიტიკური მოტივებით გასამართლების ფაქტები გრძელდება

Human Rights Watch - საქართველოში პოლიტიკური მოტივებით გასამართლების ფაქტები გრძელდება

საქართველოში სამართალდამცველების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და პოლიტიკური მოტივებით გასამართლების ფაქტები გრძელდება, - ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის 2016 წლის ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მედიაპლურალიზმს საფრთხე დაემუქრა ზოგიერთი პოლიტიკური სატელევიზიო პროგრამების დახურვისა და "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული დავის გამო. 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც.

"ქართული ოცნების" სამთავრობო კოალიცია აგრძელებს ათობით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროს მოქმედი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული გასამართლებები პოლიტიკურად მოტივირებულია", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულის მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას და ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით ოქტომბერში დაკავებული, "ნაციონალური მოძრაობის" სამი აქტივისტის საქმე. 

"ამასთან, ოქტომბერში, პოლიციამ ცოტა ხნით დააკავა ტელეკომპანია "ტაბულას" ხელმძღვანელი და პროდიუსერი, ასევე აქტივისტი, მაშინ როდესაც ისინი რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებების გამო მთავრობის კრიტიკის შემცველ ბანერებს თბილისში, ღობეებსა და ქუჩის ლამპიონებზე აკრავდნენ", - წერია დოკუმენტში. 

ანგარიშში ასევე საუბარია ოქტომბერში მთავრობის მხარდამჭერი ჯგუფების მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან გამართული აქციების შესახებაც. დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნულმა ჯგუფებმა დააზიანეს პარტიის ოფისები 19 ქალაქში. 

"თავდასხმების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ უწოდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" "კრიმინალური ორგანიზაცია" და განაცხადა, რომ "აგრესია" პარტიის მიმართ არის "ბუნებრივი", - წერია ანგარიშში. 

დოკუმენტში საუბარია მთავრობის მხარდამჭერების მიერ თბილისსა და ზუგდიდში ციხის კადრების საჯაროდ ჩვენების შესახებაც. 

"საქართველოს არ აქვს ეფექტური, დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის. საქართველოს ახალგაზრდა იურსისტთა ასოციაციამ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის შესახებ 41 განცხადება მიიღო 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მათგან 23 პოლიციის მიერ, 18 კი ციხის თანამშრომლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხება. საია-ს მიხედვით, მთავრობამ ვერ შეძლო აღნიშნული საქმეების ეფექტურად გამოძიება", - წერია ანგარიშში, სადაც ასევე მაგალითად მოყვანილია ადვოკატ გიორგი მდინარაძის და დაკავებული გიორგი ოქროპირიძის საქმეები. 

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ანგარიშში ყურადღება "რუსთავი 2"-ის საქმეზეა გამახვილებული. 

"საქართველოს ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა შეშფოთება გამოხატა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეუთომ. აგვისტოში კი ტელეკომპანია "იმედმა", რომელიც რიგით მეორე ყველაზე ყურებადი არხია, შეაჩერა პოლიტიკური თოქშოუები. ინგა გრიგოლიამ, რომელიც ერთი თოქშოუს წამყვანი და მეორე თოქშოუს თანაწამყვანი იყო, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობა დაადანაშაულა", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის მაისში თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის ჩაშლაში ბრალდებული მღვდლის და კიდევ სამი ადამიანის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

"ანტიჰომოფობიური აქციის მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტმა, მათ შორის სასულიერო პირებმა ძალადობრივად დაშალეს მშვიდობიანი აქცია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოდ ევაკუირება შეძლო, ვერ მოახერხეს ბრბოს შეჩერება", - წერია ანგარიშში. 
Human Rights Watch-ის ანგარიში ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.