ალეკო ელისაშვილი ანასტასია ზაუტაშვილს ადვოკატს აუყვანს

ალეკო ელისაშვილი ანასტასია ზაუტაშვილს ადვოკატს აუყვანს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს კვალიფიციური ადვოკატის აყვანასა და მისი წამების საქმის გამოძიების დაჩქარებას დაპირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში ანასტასია ზაუტაშვილი მოინახულა. ელისაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა ზაუტაშვილის სურვილით შედგა და ოთხი საათი გაგრძელდა. 

ელისაშვილის განცხადებით, შეხვედრის დღეს ანასტასია ზაუტაშვილი შიმშილობდა. დღეს კი ზაუტაშვილი კვლავ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ შიმშილობა შეწყვიტა.

ელისაშვილის თქმით, ანასტასია ზაუტაშვილი მისი წამების ფაქტზე გამოძიების დაჩქარებას და ასევე ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვდა.
"ანასტასია ზაუტაშვილის განცხადებით, ის და მასთან ერთად დაკავებული ოთხი ადამიანი იყვნენ სასტიკად ნაწამები. ამ ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, შეჩერებულია. ის ასევე ითხოვს ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას. ექსპერტიზის ჩატარებას. ის აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერში ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი", - განაცხადა ელისაშვილმა. 

მისივე თქმით, სურს ანასტასია ზაუტაშვილს დაეხმაროს მისი წამების ფაქტის გამოძიების დაჩქარებაში, რისთვისაც კვალიფიციური ადვოკატის მოძებნას დაპირდა. 

"სწორედ ამიტომ შეწყვიტა მან დღეს შიმშილობა. პროკურატურაში ვეცდები, რომ დაჩქარდეს მისი წამების ფაქტის გამოძიება. ასევე უნდა დაჩქარდეს ფარული ვიდეოჩანაწერის ექსპერტიზა აუდიო ავთენტურობის დასადგენად. მე ვეცდები, კვალიფიციური და სინდისიერი ადვოკატი მოვუძებნო, ისეთი ადვოკატი, რომელიც რეალურად ახალი გარემოებების აღმოჩენას ეცდება საქმეში და სასამართლოს გზით ივლის. არ გამოიყენებს მის საქმეს პოლიტიკური სპეკულაციისთვის, როგორც სხვა მისი ადვოკატები ცდილობდნენ", - აღნიშნა ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ანასტასია ზაუტაშვილმა მასთან საუბრისას ისევ არ დაადასტურა კობახიძისა და ბესელიასთვის ფულის მიცემის ფაქტი. აღნიშნულის გარდა, ზაუტაშვილი ელისაშვილს მისი საქმის რეალურ გარემოებებზე ესაუბრა. 
"ოთხი საათი ვსაუბრობდით. ვუთხარი, რომ პირადად მე მასთან პრეტენზიები არ მქონდა. ვუთხარი, რომ ამ კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან მქონდა პრეტენზიები და არა პირადად მასთან. ზაუტაშვილის ადვოკატი იყო მანანა კობახიძე და მისი ძმაც, ბოლოს მირიან ნიკოლაძე და სხვები. ეს ხალხი ცდილობდნენ, რომ თავის სასარგებლოდ ან პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ ანასტასია ზაუტაშვილი და სხვებიც მას უყურებდნენ, როგორც სერიოზული თანხის გადამხდელს", - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ზაუტაშვილის ახალ ადვოკატს მალე დაასახელებს. 
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთ ადვოკატთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ანასტასია ზაუტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზეა დაკავებული, ეს კი ის საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, მას ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების მოთხოვნით კონკრეტული თანამდებობის პირები მუქარის შემცველ სმს-ებს უგზავნიდნენ. ელისაშვილის აღნიშნული განცხადების საფუძველზე გასული წლის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო.