თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პანკისში არავითარი საფრთხე და არც ამის არავითარი ნიშნები არ არსებობს.
მინისტრის თქმით, როდესაც მთავრობის წევრები პანკისის ხეობის სოფლებში იმყოფებოდნენ, სწორედ იმის დემონსტრირებას მიეძღვნა ეს ღონისძიება, რომ არავითარი საფრთხე იქიდან არ მომდინარეობს.
„მე არ ვიცი ვის მიუძღვნა ლავროვმა ეს განცხადება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამში ქვეყანას მოგვიძღვნა. თუ გინდათ მე დამაბრალეთ, არც მაგის პრობლემა არ მაქვს. მთავარია ის, რომ არავითარი საფრთხე პანკისში არ არსებობს, ამის არავითარი ნიშნები არ არსებობს. ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ ის ღონისძიება პანკისში, რომელიც გვქონდა სულ ახლახანს, თქვენი მონაწილეობით. იმიტომ დავიარეთ ბევრი სოფელი, არ ჩავსულვართ მხოლოდ ერთ ადგილზე, რომ ყველას საკუთარი თვალით ენახა, რომ თეორიულადაც კი, ოდნავ ხელმოსაჭიდიც კი, არაფერი საფრთხისმაგვარი პანკისში არ არსებობს. პანკისი საქართველოს ისეთივე ნაწილია, როგორც ნებისმიერი სხვა წერტილი, ადგილი, ხეობა, სოფელი, რეგიონი საქართველოში. იქ აბსოლუტური სიმშვიდეა, ჩვეულებრივ მიმდინარეობს ცხოვრება. ადამიანებს ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ იქ, როგორიც სხვაგან ყველგან. ამბობენ, რომ უკეთესი გზა უნდათ, ამბობენ, რომ ერთი სკოლა არის გარემონტებული, მეორე არა და იგივე ამბებით არიან კმაყოფილი, რითაც დანარჩენი საქართველო", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. .
თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ საქართველოს დღეს ისეთი მთავრობა ჰყავს, ვისთანაც პროვოკაციებს ვერავინ მოაწყობს.
"პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, ამის დასტურია ჩვენი ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა. ასეთ პროვოკაციებს ვერ აწყობს ვერავინ ჩვენს ქვეყანაში და არც ხელისუფლება ყავს დღეს საქართველოს ისეთი, რომელიც პროვოკაციას რაიმე ფორმით წამოეგება. ყველამ უნდა გაიგოს სამი წლის თავზე, რომ არსებობენ ხელისუფალნი, რომელთანაც უბრალოდ ეს თამაშები არ გამოდის და საქართველოს დღეს ასეთი ხელისუფლება ჰყავს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.