ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე კვირის ბოლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ეხებოდა, მაშინ როცა მისი წინამორბედი საბჭოს სხდომას მხოლოდ ერთხელ დაესწრო.
"მე არ ვარ ექსპერტი, რომ შეფასებები ვაკეთო. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უშიშროების საბჭოს წევრი გავხდი, ყველა სხდომას ვესწრები და პირველი დღიდან ნათქვამი მქონდა, როდესაც ვინიშნებოდი მინისტრად, რომ ეს ჩემი სამსახურის ნაწილია. ეს ჩემი ისეთივე საქმეა, როგორც თავდაცვის სამინისტროში მისვლა ყოველდღე, 09:00 საათზე. ამიტომ არ მგონია, რომ ამაზე სხვა რაიმე სახის კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს იყო ყოფილი პრემიერის პოზიცია, მოქმედი პრემიერის პოზიცია თქვენ დღეს უკვე მოისმინეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით სხდომაზე კვირის ბოლოს", - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი მომხსენებელია და იგი ნატოს ვარშავის სამიტის გარდა, სხდომის მონაწილეებს ავღანეთში ვიზიტის შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას.
"უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, მათ შორის, წინა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადადებული საკითხი - ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ძირითადი გეგმის თუ სტრატეგიული გზავნილების დამუშავება. მოგეხსენებათ, თებერვლის მეორე კვირაში არის თავდაცვის მინისტერიალი, ამას მოჰყვება საგარეო საქმეთა მინისტერიალი ანუ, 2016 წელი დადგა და შესაბამისად, ვარშავის სამიტისთვის მზადების ოფიციალური, ფორმალური ფაზა დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი, ვინც ამ თემაზე ვმუშაობთ, კოორდინებულ რეჟიმში ვმოქმედებდეთ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ასევე, საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებით მექნება მოხსენება. გასულ კვირას დავბრუნდი ავღანეთიდან და ჩვეულებრივი ამბავია, მთავარსარდალს და უშიშროების საბჭოს მოვახსენო მდგომარეობა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს გაიმართება.