ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება

ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება

ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.

ხიდაშელი ქანთარიას შეახსენებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც თავად ეკუთვნის. "საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ეკუთვნის ნუკრი ქანთარია. თუ მას რამე კითხვები გააჩნია მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.

"შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის", - განაცხადა ქანთარიამ.