ხორციელდება მიწების ინვენტარიზაცია და არა კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება

ხორციელდება მიწების ინვენტარიზაცია და არა კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის მტკიცებით, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება მიწების ინვენტარიზაცია და არა კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის ამ თემაზე ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ "არავითარი მსგავსი არაფერი ხდება".

"ძალიან კარგი იქნება, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები იურიდიულად გაიმართოს და ყველამ თავის საკუთრება საჯარო რეესტრში დაიკანონის ისე, როგორც ეს წესია. დღეს-დღეობით სახელმწიფო ახორციელებს მიწების ინვენტარიზაციას მხოლოდ. პარლამენტში შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც ახლა შეჩერებულია და რომელიც გულისხმობდა იმას, რომ მთავრობას შეეძლო ასეთი მიწები საკუთარ სახელზე დაერეგისტრირებინა, ხოლო თუ მოხდებოდა ვიღაცის მიწის დარეგისტრირება, ერთი წლის განმავლობაში მათ შეეძლოთ ეს გაეპროტესტებინათ და მიწას ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაურეგისტირებდნენ. თუმცა იყო მთელი რიგი კითხვები და პროექტის განხილვა შეჩერებულია. ჩასატარებელია კონსულტაციები, რადგან ისე არ მოხდეს, რომ მოსახლეობის თუნდაც მცირე, მაგრამ გარკვეულ ნაწილს რაიმე შეფერხება შეექმნას", - განუცხადა ტყემალაძემ "ინტერპრესნიუსს".

ახალი პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" ინფორმაციით, მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს, მათ რამდენიმე რაიონი გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და მათი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

ამასთან, დეკემბრის ბოლოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთები, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება.