საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დასწრების შესახებ მზაობა ამ თემაზე კითხვებს ამოწურავს.
როგორც კვაჭანტირაძემ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით მიესალმება.
"მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეკითხვები უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების თაობაზე აღარ გაჟღერდეს და იგი ყველა შემთხვევაში დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ვარშავის სამიტისგან, რაც უშიშროების საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, დადებით შედეგებს ელოდება.
"ყოველთვის ველოდებით დადებით მესიჯებს და სიტუაციის გაუმჯობესებას", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. სხდომაზე ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე იმსჯელებენ.