მიხეილ მაჭავარიანი გარდაბანში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

მიხეილ მაჭავარიანი გარდაბანში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

700-კაციანი სამხედრო უბანი გარდაბანში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ არსებობდა და ახლა დაემატა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მაჭავარიანის ინფორმაციით, გარდაბანში წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ კანონდარღვევას აქვს ადგილი. კონკრეტულად კი, კუმისის ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვა და დაბრუნებას მხოლოდ საარჩევნო უბანზე დაჰპირდა.

"700 კაციანი სამხედრო უბანი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა, ახლა, როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით დაემატა. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. სასამართლომ 10 დღის წინ დაავალა ოლქს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაერეგისტრირებინა და გაეტარებინა ეს უბანი, როცა გვარობრივად იქნებოდა გავლილი იმ ჯარისკაცების რეგისტრაცია, რომლებიც ამ სამხედრო უბნებზე არიან რეგისტრირებული. ანუ, ოლქს უნდა გაერკვია ყველა ამ ჯარისკაცს როდის ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი. ოლქმა ეს არ გააკეთა. ჩვენ გავასაჩივრეთ, ოლქის ეს ქმედება. დღეს ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ, ალბათ, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე მურუსიძისნაირ მოსამართლეს დაეწეროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯარისკაცები არიან პატრიოტები და ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ. სამწუხაროა, რომ მათ საარჩევნო მასად გამოყენება სურთ, როგორც ეს საგარეჯოში მოხდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, "მეორე საკითხი შეეხება ვინმე გოგიტა მაისურაძეს, რომელიც კუმისის ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელია".

"ამ ადამიანმა ფეოდალობა გადაწყვიტა. დაახლოებით 60 თანამშრომელს პირადობის მოწმობა ჩამოართვა, ეს ადამიანები ხმას 57-ე უბანზე აძლევენ, და მათ უთხრა, რომ ადგილზე საარჩევნო უბანზე დაურიგებდა. მივმართავ მას, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ის ადგილზე არიგებს პირადობის მოწმობებს, გამოვიძახებთ პატრულს და ეს კაცი იქნება სათანადოდ დასჯილი", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.