დანიაში "ზიკა" ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. "ბიბისის" ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს აღნიშნული ვირუსი უკვე დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, დაინფიცირებულმა მანამდე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში იმოგზაურა.
"ზიკას" ვირუსი ჯერ ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. გუშინ კი "ზიკას" პირველი შემთხვევა აშშ-შიც, კერძოდ ვირჯინიის შტატში დაფიქსირდა. მომხდარის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა, ბარაქ ობამამ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს დაავალა მიიღონ საჭირო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ობამამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი ვაქცინა.
"ზიკას" ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. "ზიკას" ვირუსი აფრიკისთვის ნაცნობია, იგი პირველად ამერიკის კონტიტენტზე 2015 წლის მაისში დაფიქსირდა. "ზიკას" ვირუსით ადამიანი კოღოს კბენის შედეგად ინფიცირდება.