საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, კრისტიან ტობირამ თანამდებობა დატოვა. "ფრანს 24"-ის ცნობით, ამის მიზეზი ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქეებისათვის ორმაგი მოქალაქეობის გაუქმების შესახებ მთავრობის გეგმები გახდა. კერძოდ, ტობირა არ უჭერს მხარს ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და რომლებიც ტერორიზმში არიან ბრალდებულები, მოქალაქეობას ჩამოართმევენ.
იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციამ განცხადება უკვე გაავრცელა.
"ოლანდი და ტობირა შეთანხმდნენ მინისტრის ფუნქციების შეწყვეტაზე", - წერია განცხადებაში.
კრისტიან ტობირას ერთ-ერთი კანონმდებელი, ჟან-ჟაკ იურვოასი ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით ფრანსუა ოლანდი გასული წლის 13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გამოვიდა.