ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრებათა გაცვლა გაიმართა, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე გიორგი ტუღუში და მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" GDI-დან აცნობეს, სხდომას ალდე-ლიბერალური ჯგუფის წარმომადგენელი ბიატრის ბისერა ხელმძღვანელობდა.
ორგანიზაციის ცნობით, გიორგი ტუღუშმა თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე და შერჩევით სამართალზე. "GDI-ის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლასაც შეეხო და ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტის მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საკვანძო იყო", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, თამარ კინწურაშვილმა კი მნიშვნელოვნად შეაფასა ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპის პარლამენტის მიერ 21 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მკაფიო სიგნალს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი მედია გარემოს არსებობის აუცილებლობის შესახებ.
მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზენტაციაში MDF-ის წარმომადგენელმა ისაუბრა 2012 წლის საპარლამენტი არჩევნების შემდგომ პოზიტიურ ცვლილებებზეც და იმ გამოწვევებზე, რომლებმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი. "კერძოდ, თამარ კინწურაშვილმმა ისაუბრა ხელისუფლების მცდელობაზე გავლენა მოახდინოს მედია ბაზარზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხებისა და ცალკეული გადაცემების დახურვის მცდელობაზე. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო NED-ის პროექტის ფარგლებში MDF-ის მიერ მომზადებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პროკურატურის სტატისტიკასა და მთავრობის ანგარიშში არ არის შესული მედიასთან დაკავშირებული არც ერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, გახმაურებული საქმე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, თამარ კინწურაშვილმა ასევე აღნიშნა ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტებას ეუთოს მხრიდან მოჰყვა. თუმცა, აქვე ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომელიც სამეურვეო საბჭოში ოპოზიციისთვის განკუთვნილი 2 ვაკანტური თანამდებობის დაუკომპლექტებას შეეხება.
GDI-სა და MDF-ის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით გარკვეული რეკომენდაციები შესთავაზეს ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტს.