"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინსტიტუტებს და პიროვნებებს უფრო მეტად სცემს პატივს, ვიდრე მისი წინამორბედი.
შესაბამისი კომენტარი ფანჯიკიძემ "ინტერპრესნიუსთან", უშიშროების საბჭოს 29 იანვარს ჩანიშნულ სხდომაზე მთავრობის წევრთა დასწრების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საუბრისას გააკეთა.
"მე არ ვიცი დაესწრება თუ არა კვირიკაშვილი სხდომას, ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მისი განცხადებები არ არის ისეთი ხისტი, როგორიც იყო ღარიბაშვილი. მე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ინსტიტუტებს და პიროვნებებს უფრო მეტად სცემს პატივს. მას არ ახასიათებს აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენით არ საუბრობს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ინსტიტუტების პატივისცემის საკითხი უკეთ იქნება საქართველოში კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდში, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის მოწვევით, ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.