უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტისთვის საინტერესო იქნებოდა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ანგარიშის მოსმენა, რაც პარლამენტში არ შესულა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ გასულ წელს წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის საკითხს, რაც რეგლამენტის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტს არ განუხილავს, ვოლსკი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი 2014 წელს ეხება და მან აქტუალობა დაკარგა. "ფორმატი, რასაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ჰქვია, 2014 წლის ანალიზს ითვალისწინებს და 2014 წლის საკითხებს ეხება. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი 2014 წელთან დაკავშირებით, რადგან მოსმენის გადადება ჯერ ეროვნული ბანკის თხოვნა იყო, შემდეგ რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო ანგარიშის მოსმენა ვერ მოხდა და 2014 წელზე საუბარმა აქტუალობაც დაკარგა. აქედან გამომდინარე, იყო მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკში შექმნილი ფინანსური სტაბილიზაციის კომიტეტს გაეკეთებინა სრულფასოვანი ანგარიში იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სტაბილიზაციას ეხება. აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა თებერვალში. ამ საკითხებზე მოხსენება პარლამენტში არ შემოსულა, რაც საზოგადოებისთვისაც საინტერესოა და პარლამენტისთვისაც. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდეს და რაღაც პოლიტიკურ თემაზე ან სხვა თემებზე ისაუბროს, რაც ეროვნულ ბანკთან არის დაკავშირებული, მაგრამ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს ... მოკლედ, რეგლამენტში არ ჯდება ის, რასაც ახლა ითხოვს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.