თემები, რომლებზეც უშიშროების საბჭოს სხდომაა მოწვეული, მნიშვნელოვანია და საბჭომ ეს თემები უნდა განიხილოს

თემები, რომლებზეც უშიშროების საბჭოს სხდომაა მოწვეული, მნიშვნელოვანია და საბჭომ ეს თემები უნდა განიხილოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოსლკის შეფასებით, თემები, რომლებზეც უშიშროების საბჭოს სხდომაა მოწვეული, მნიშვნელოვანია და საბჭომ ეს თემები უნდა განიხილოს. 

რაც შეეხება სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლების დასწრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ის პრობლემები, რომლებიც წინა მთავრობის პერიოდში არსებობდა, ძირითადად მისი "ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარეობდა".

"მთავრობის წარმომადგენლების უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით იყო პრობლემები - ხშირ შემთხვევაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობას ეხება. თემები მნიშვნელოვანია და უშიშროების საბჭომ ეს თემები უნდა განიხილოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ. 

ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას 29 იანვარს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოდან აცნობეს, სხდომა პრეზიდენტის მოწვევით, ნატოს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა. 

"საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით", - აცხადებენ ეროვნული უშიშროების საბჭოში. მათივე განმარტებით, სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.