თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას უმასპინძლებს

თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 1-5 ივლისს, თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ მეორანდუმს მოაწერეს ხელი, რის შემდეგ პრესისთვის სპეციალური განცხადება გაკეთდა. მემორანდუმის გაფორმებამდე უსუფაშვილი და საორგანიზაციო კომისიის წევრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდნენ.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება იქნება, რომელსაც ეუთოს 57 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაეწრება.

"მოგეხსენებათ, ევროპის თანამშრომლობის და უსაფრთხოების ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და აქტიური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს არამხოლოდ ევროპის და აზიის სახელმწიფოებს, არამედ წამყვან სახერლმწიფოებს ამერიკის კონტინენტიდან. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვიყოთ 57 ქვეყნის დელეგაციის მასპინძელი და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორგანიზაციის წინსვლაში და განვითარებაში, ასევე გამოვიყენოთ ეს ღონისძიება ჩვენი, საქართველოს საკითხების, თემების კიდევ უფრო უკეთ წამოსაწევად", - განაცხადა პარლამენტის უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ნომერ პირველ პრობლემად უსაფრთხოება რჩება, ხოლო ეუთო ზუსტად ადგილი და ორგანიზაციაა, რომელმაც ყველაზე მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო, სამხრეთ კავკასია, ევროპა და მთელი მსოფლიო უსაფრთხოდ იყოს.