განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, გუშინდელთან შედარებით, იმ სკოლების რაოდენობა, სადაც სწავლა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე შეწყდა, გაზრდილია.
როგორც გიგაურმა აღნიშნა, ყოველ დილას და მეორე ცვლის მონაცემების გააზრებისა და დამუშავების მიზნით, დღის მეორე ნახევარშიც განათლების სამინისტრო აგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებები მიიღება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სკოლების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საგანგაშო არაფერია.
„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც იცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა, დროებით შეწყდეს სასწავლო პროცესი. ყოველ დილას და მეორე ცვლის მონაცემების გააზრებისა და დამუშავების მიზნით დღის მეორე ნახევარშიც, განათლების სამინისტრო აგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები. გუშინდელთან შედარებით, მოიმატა ამ სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა. შესაბამისად დღის განმავლობაში იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება მონაცემები, მიიღება გადაწყვეტილება, იმ სკოლებში, სადაც 20%-ზე მეტი გაცდენების მაჩვენებელი იქნება, დროებით შეჩერდეს სასწავლო პროცესი“, - განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება იმ სკოლებს, სადაც სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო შეწყდა, განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ მხრივ, ვითარება გაუმჯობესებულია.
"რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სწავლის პროცესის შეჩერებას, აქ პოზიტიურია დინამიკა და 4 სკოლაში, ეს გახლავთ ქედის რაიონი, დღეს უკვე აღდგენილია სასწავლო პროცესი, რამდენადაც სკოლებთან ხელმისაწვდომობა გაიზარდა. სხვა რაიონებში დამატებით მსგავსი პრობლემები აღარ გამოვლენილა, ამიტომ, მეტეოროგიული პირობების გამო, 204 ნაცვლად, დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება 200 სკოლაში", - განაცხადა ლია გიგაურმა.