ცხადაძეს ძველი ცოდვა გაუხსენეს

ცხადაძეს ძველი ცოდვა გაუხსენეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძის ირგვლივ ატეხილი ხმაური პიკს აღწევს.

ცხადაძემ არაერთ ტელეგადაცემაში აღნიშნა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ნაკრებში უხელფასოდ მუშაობდა, თუმცა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განმარტებით, იმ პერიოდში მას ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ 100 000 დოლარი უპროცენტო სესხი მისცა.

„ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს - ცხადაძეს 100 ათასი დოლარი აქვს აღებული ფედერაციის ანგარიშიდან“ - განაცხადა კობიაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

კობიაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ მას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გააგრძელოს კახა ცხადაძესთან ერთად მუშაობა და მწვრთნელს ძველი ვალდებულებაც შეახსენა.

კერძოდ, 2009 წელს, როცა ცხადაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა უკეთესი ფინანსური შეთავაზების გამო და აზერბაიჯანში წავიდა, აღმასკომმა მას კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 40 000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა პირობა არ შესრულდა.

ცხადაძეს აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდია.