ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შენგენის ზონის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივებას ითხოვს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "Welt am Sonntag" ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივებისთვის საჭირო პროცედურების ინიცირება შესაძლოა უკვე მომავალ ორშაბათს, ამსტერდამში დაგეგმილ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისსტრების შეხვედრაზე მოხდეს.
გამოცემა წერს, რომ მიგრაციული კრიზისის ფონზე, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი, იოჰანა მიკლ-ლაიტნერი საბერძნეთს შენგენის ზონიდან გარიცხვით დაემუქრა.
"თუ ათენი საკუთარი გარე საზღვრების დასაცავად მეტს არ გააკეთებს, მაშინ უნდა დავფიქრდეთ საბერძნეთის შენგენის შეთანხმებიდან დროებით გარიცხვაზე", - განაცხადა მინისტრმა.
საბერძნეთი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, რომლის გავლით მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩადიან. ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ოფიციალური ათენი, რომ ის მიგრანტთა ნაკადის გასაკონტროლებლად არაფერს აკეთებს.
გაერო-ს მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა. მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნების მოქალაქეა.